დღეს, თუნდაც მხოლოდ მდინარე გლდანულას აუზში, UNDP-ის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევების შედეგად სპეციალისტებმა 82 მეწყრული უბანი აღმოაჩინეს, რასაც ამავე აუზში მდებარე 5-6 ღვარცოფული ხევიც ემატება.
რისკების ზონირების რუკა, ადრეული შეტყობინების სისტემა, გეოლოგიური მონიტორინგი, კვლევები, ინფრასტრუქტურა, ბიოინჟინერია, ჰიდროლოგიური ლაბორატორიები, მეტეოროლოგიური რადარები და მათი გამოყენებისთვის საჭირო ლიცენზია.... ეკოლოგიური კატასტროფების პრევენციაზე საუბრისას ეს ტერმინები საკმაოდ ხშირად გვესმის. დარგის ექსპეტები ამბობენ, რომ სახელმწიფოსთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ამ მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკის არარსებობაა.
თბილისის ეკოლოგიური კატასტროფებისგან დასაცავად, ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების საკითხმა სიმწვავე მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ შეიძინა. ამ ტრაგედიამ საზოგადოებას კარგად დაანახა, რომ ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე თბილისი დაუცველია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გეოლოგიური საფრთხეების მხრივ, თბილისი ერთ-ერთი რთული რეგიონია. ეს ეხება არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, არამედ, ე.წ. დიდი თბილისის ტერიტორიას (მათ შორისაა დედაქალაქისთვის შემოერთებული სოფლები). მეწყრულ-ღვარცოფული კუთხით სიტუაცია წარმოუდგენლად გართულდა 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად, მთლიანად შეიცვალა ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიების გეოდინამიკური სიტუაცია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მერაბ გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ 2000 წლის საინფორმაციო ბიულეტენში დედაქალაქში 60 მეწყრულ-გრავიტაციული უბანი ფიქსირდებოდა. დღეს კი, თუნდაც მხოლოდ მდინარე გლდანულას აუზში, UNDP-ის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევების შედეგად სპეციალისტებმა 82 მეწყრული უბანი აღმოაჩინეს, რასაც ამავე აუზში მდებარე 5-6 ღვარცოფული ხევიც ემატება. ვითარება შეცვლილია მდინარე ვერეს ხეობაშიც, სადაც 13-14 ივნისის მოვლენების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 70-მდე ახალი მეწყრულ-გრავიტაციული უბანი ჩაისახა.
„ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ გითხრათ, თბილისის ფარგლებში სხვადასხვა მასშტაბის რამდენიმე ასეული მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული წყალსადინარია, არ მოგატყუებთ, თუმცა ზუსტ რაოდენობას ნამდვილად ვერ გეტყვით. ამ კუთხით ძალიან რთული ვითარება გვაქვს“, - ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.
უწყებაში განმარტავენ, რომ 1996 წლამდე დედაქალაქში თბილისის სპეციალიზირებული გეოლოგიური სამსახური - „მზიური“ ფუნქციონირებდა. სამსახურის საქმიანობა სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების მონიტორინგს, შეფასებას, პროგნოზსა და კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციების გაცემას ითვალისწინებდა. 1996 წელს „მზიური“ გაუქმდა და აღნიშნული სამუშაოების ჩატარება საკუთარ თავზე დედაქალაქის მერიამ აიღო (თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამოძახებებსა და ფორსმაჟორულ სიტუაციებს).
ამ საკითხთან დაკავშირებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი, რევაზ გეთიაშვილი აცხადებს, რომ ვერეს ხეობის მოვლენებმა დედაქალაქში კატასტროფების მართვის კუთხით არსებული პრობლემები გამოკვეთა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გეოლოგიური შეფასების, გეოლოგიური მონიტორინგის არარსებობა იყო.
„ამ საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს, თუმცა თბილისი მათ კომპეტენციაში არ შედიოდა; თავის მხრივ, თბილისის მერიაში არ იყო შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც ამ სამუშაოებს დამოუკიდებლად შეასრულებდა. რისკის შემცველ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც საკმაოდ მრავლადაა, ახლა უკვე პროგრამული მონიტორინგის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამასაც კვლევა სჭირდება“, - ამბობს რევაზ გეთიაშვილი.
უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება რთულია თბილისსა და მის შემოგარენში. მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ოქტომბრიდან, UNDP-ის მხარდაჭერითა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის ძალისხმევით დაწყებულია გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევები, რომლის შედეგადაც იკვეთება, რომ მამკოდას სააგარაკე დასახლებაში, სადაც მოსახლეობა პრაქტიკულად უკვე მუდმივად ცხოვრობს, თითქმის ყველა სახლი მაღალი საშიშროების მეწყრულ ზონაში მდებარეობს.
„2016 წლის პირველ კვარტალში დაიდება გლდანულას აუზის გეოლოგიური საფრთხეების ზონირებული რუკა. ანალოგიური კვლევები მთელი ქალაქის მასშტაბით უნდა ჩატარდეს, ამისთვის ორი წელი მაინც იქნება საჭირო. დედაქალაქის საფრთხეებიდან გამომდინარე ბაზისური საფუძველი - ზონირების რუკა უნდა მომზადდეს. ამას 3 წელი მაინც დასჭირდება. პარალელურად, აუცილებელია მონიტორინგი. ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ზონირების რუკაზე ვიმუშავოთ და არსებულ საფრთხეებს ყურადღება არ მივაქციოთ“, - განმარტავს გაფრინდაშვილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იმ კოლექტორებისა და გვირაბების გამართული ფუნქციონირებაა, რომელთა მეშვეობითაც თბილისში შემომავალი მდინარეები მტკვარს უკავშირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით, პოტენციურად ღვარცოფსაშიში წყალსადინარების აბსოლუტური უმრავლესობა ქალაქში კოლექტორების მეშვეობით შემოდის და მტკვარს უკავშირდება. შესაბამისად, აუცილებელია ამ კოლექტორებისა და გვირაბების ყოველწლიური რევიზია, მითუმეტეს, თუკი იქ ღვარცოფულმა ნაკადებმა გაიარა. უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის დაკარგული გამტარუნარიანობა, ხომ არ არის ნგრევა, ხომ არ ჩაიხერგა გვირაბი ან კოლექტორი.
მეტეოროლოგიური თვალსაზრისით თბილისის სრულად გასაშუქების აუცილებლობასა და პრობლემებზე საუბრობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, რამაზ ჭითანავა.
მისი თქმით, მეტეოროლოგიური მონაცემების თვალსაზრისით, 13-14 ივნისის მოვლენებამდე, სააგენტო თბილისს მხოლოდ ერთი - ვაშლიჯვარში მდებარე მეტეოროლოგიური სადგურით აშუქებდა; ხოლო იმისთვის, რომ თბილისის ტერიტორია ნალექების კუთხით სწორად გააშუქო, ამ მიმართულებით დაკვირვების 5-6 პუნქტი მაინც უნდა არსებობდეს.
ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ 13-14 ივნისის მოვლენების შემდეგ, მდ.ვერეს აუზში ავტომატური ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ორგანიზება საკმაოდ სწრაფად მოხერხდა. პირველ ეტაპზე ავტომატური ნალექმზომები სოფ.ორბეთში და სოფ. დრეში, მდინარეში წყლის დონის მზომი კი სოფ. ვანათში დამონტაჟდა. მეორე ეტაპზე, ანალოგიური ნალექმზომი და წყლის დონის მზომი მდ.ვერეს ქვემო წელში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე დამონტაჟდა, სადაც ადრე უნივერსიტეტის ჰიდროლოგიური ლაბორატორია იყო განთავსებული. ეს ლაბორატორია სტიქიის დროს განადგურდა. ავტომატური გამზომი საშუალებები შეიძინეს თბილისის მერიაშიც და სარგებლობისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცეს.
ზემოთხსენებული ავტომატური გამზომი საშუალებები აღნიშნულ პუნქტებზე მოსული ნალექების რაოდენობისა და მდინარეში წყლის დონის შესახებ ინფორმაციას დღე-ღამურ რეჟიმში (ყოველ 1 საათში) იძლევა.
რამაზ ჭითანავას თქმით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამჟამად არსებული ტექნოლოგიები მოსალოდნელი ძლიერი ნალექების და მასთან დაკავშირებული წყალმოვარდნების 1-2 დღით ადრე პროგნოზირების საშუალებას იძლევა, მაგრამ ამ პროგნოზების სივრცული გარჩევადობა დაბალია და ისინი, შეიძლება ითქვას, ფონურ ხასიათს ატარებენ. კონკრეტული ადგილების მითითების შეუძლებლობა პრობლემებს უქმნის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს - პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის წინასწარი, პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
ამ პრობლემის გარკვეულწილად გადაწყვეტის საშუალებად ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში რადარული მეტეოროლოგიური დაკვირვებების წარმოებას მიიჩნევენ. ეს ღრუბლების ფიზიკური მახასიათებლების - გადაადგილების სიჩქარე/მიმართულების და წყლიანობის დადგენის საშუალებას იძლევა; შესაბამისად, 2-3 საათის წინსწრებით, საკმაოდ მაღალი სივრცული და დროითი გარჩევადობით - ძლიერი ნალექების მოსვლის მაღალი ალბათობით პროგნოზირების საშუალება ჩნდება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვიხსნიან, რომ სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს მინიმუმ ორი ასეთი რადარი ესაჭიროება. თანამედროვე რადარს ხედვის არე საკმაოდ მაღალი აქვს - 200-250 კილომეტრი. თუმცა, ვისაც ამ ტიპის რადარი პრაქტიკაში გამოუცდია, აღნიშნავს, რომ მონაცემები 150 კილომეტრის რადიუსში უფრო სანდოა. ამასთანავე, ამ რადარს ნაკლოვანებაც აქვს - ხედვა საკმაოდ მაღალია, მაგრამ თუკი მას რაიმე ეფარება, მთა იქნება ეს, თუ შენობა, რადარისთვის ეს სექტორი მთლიანად იხურება.
„როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, საქართველოს ტიპის მთაგორიანი ქვეყნისათვის ორი დიდი და რამდენიმე პატარა რადარი იქნება საჭირო (პატარა რადარების ხედვის რადიუსი 60 კილომეტრია და რაოდენობა ათეულობით შეიძლება იყოს). ამჟამად გარემოს ეროვნული სააგენტო არცერთ მეტეოროლოგიურ რადარს არ ფლობს. ისინი საკმაოდ ძვირი ღირს და ჩვენი დიდი ხნის ოცნებაა“, - ამბობს რამაზ ჭითანავა.
„ეს რადარი სამხედრო-საწარმოო გაერთიანება „დელტას“ აქვს და მათი მონაცემები ძალიან სასარგებლო იქნებოდა სინოპტიკოსებისთვისაც. ახლო პერსპექტივაში ყველაზე რეალური „დელტას“ რადარის მონაცემებზე წვდომის მოპოვებაა. სამწუხაროდ, ამას მწარმოებელი კომპანიისგან (გერმანია) ლიცენზიის შეძენა სჭირდება, რაც დაახლოებით 60 ათასი ევრო ჯდება. თანხა უკვე გამოინახა და ახლო მომავალში შესაბამისი ლიცენზია გვექნება. რადარი შეიძინა და ლილოს ტერიტორიაზე დაამონტაჟა სამოქალაქო ავიაციამაც. მისი მონაცემების მისაღებადაც ლიცენზიაა საჭირო, ჩვენ ამ საკითხზეც ვმუშაობთ. ამასთანავე, 2016 წლის პირველ ნახევარში ჩვენთვის რადარის ყიდვას აპირებენ ამერიკელები. მის დამონტაჟებას ქუთაისში ვგეგმავთ და პრაქტიკულად მთელ დასავლეთ საქართველოს გავაშუქებთ, იმ ადგილების გარდა, რომლებიც რელიეფის გამო დახურული აღმოჩნდება“, - აღნიშნავს რამაზ ჭითანავა.
ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ცნობით, რადარებზე წვდომა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებითად გააუმჯობესებს მოსალოდნელი ძლიერი ნალექების და მასთან დაკავშირებული წყალმოვარდნების პროგნოზების ხარისხს და შექმნის შესაბამისი გაფრთხილებების დროულად გავრცელების საშუალებას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების (ადამიანთა მსხვერპლი, ეკონომიკური ზარალი) თავიდან აცილების/შერბილების საშუალებას.
ბუნებრივი კატასტროფების ერთ-ერთ მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორზე - სეისმურ საფრთხესა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე. მისი თქმით, სეისმური საფრთხე მრავალპარამეტრული ამოცანაა და არა მხოლოდ მიწისძვრასთან, არამედ ძლიერი ბიძგების მიერ ტრიგერირებულ ბუნებრივ მოვლენათა ნახვევთან, მათ შორის, მეწყერთან და ლანდშაფტურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
თეა გოდოლაძე განმარტავს, რომ სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების მხრივ საქართველო და თბილისი მოწყვლადი რეგიონია. სოციალური კუთხით ეს პროცესები დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, რაც აისახება მოქალაქეებზე, ზოგადად ქვეყანაზე, მის ეკონომიკასა და მდგრად განვითარებაზე. ეს არის ერთგვარი ჯაჭვი, რომლიდანაც თითოეული რგოლის მოშლა პროცესებს უმართავ სიტუაციამდე მიიყვანს.
„თბილისი სეისმურად აქტიური ქალაქია, სადაც მიწისძვრა ხდებოდა, ხდება და მოხდება კიდეც. დედაქალაქის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და თანამედროვე, საინჟინრო-სამშენებლო სტანდარტებთან არის მისაახლოებელი. ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს, სეისმომედეგი მშენებლობისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, საქართველოში მწვავედ დგას კომპეტენციის პრობლემაც. გამოყენებითი საინჟინრო მიმართულებებით, რასაც გამოყენებითი სეისმოლოგია, გამოყენებითი ფიზიკა, გამოყენებითი გეოლოგია, გამოყენებითი ბიოლოგია, ბიოინჟინერია ჰქვია, თანამედროვე სტანდარტებს ბევრად ჩამოვრჩებით“, - ამბობს თეა გოდოლაძე.
ბიოინჟინერიასთან, როგორც კატასტროფების პრევენციულ ერთ-ერთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რევაზ გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მიდგომაა, რაც მწვანე საფარის აღდგენითა და ხეების დარგვით კატასტროფების რისკის შემცირებას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ქალაქისა და დედაქალაქის კონტექსტში ბიოინჟინერია ხშირად არ გამოიყენება, თუმცა თბილისში რთული არ არის იმ ტიპის ტერიტორიების მოძიება, სადაც ამ მიმართულებით მუშაობა საჭირო და შესაძლებელია.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა ემსახურება თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლის ფარგლებშიც 2-დან 10 ლარამდე ღირებულების, 2-დან 5-წლამდე ასაკის ნერგები ქალაქის სხვადასხვა რაიონში, ტყე-პარკებსა თუ გამხმარი ნარგავებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დაირგო.
რევაზ გეთიაშვილის თქმით, არსებულ პირობებში თბილისის მერიის „მილიონი ხის“ პროექტისთვის ბიოინჟინერიის მიმართულების მიცემა შეუძლებელი იყო. ამისთვის დედაქალაქის მთავრობას დასჭირდებოდა კონსულტაციები გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, სხვადასხვა სპეციალსიტებთან და ექსპერტებთან, რათა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცველი ზონები გამოევლინა. თუმცა ამ პროექტის მიზანი თბილისის ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება იყო და არა ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია.
ეკოლოგიური კატასტროფების რისკების შემცირებისათვის ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვაზე არაერთი სპეციალისტი საუბრობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მერაბ გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის კუთხით, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, გამოცდილება სამწუხაროდ არ გვაქვს და როგორც კი ფინანსური საშუალება გამოჩნდება, თბილისში, რამდენიმე უბანში, ამ სისტემების დამონტაჟება იგეგმება (წინასწარი მონახაზით მათ შორისაა: მუხათგვერდის სასაფლაოს ასასვლელი გზა, გიორგიწმინდას უბანი გლდანში, შესაძლოა თბილისის შემოვლითი გზაც).
ამ კუთხით რამდენიმე პრობლემურ ასპექტს გამოყოფს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი და განმარტავს, რომ მწვავედ დგას საკადრო პოლიტიკის საკითხი - ნებისმიერი აპარატურა დაძველებადი ხელსაწყოა, რომელიც ადამიანმა უნდა მართოს. იმ შემთხვევაში კი, თუ არ გყავს კვალაფიციური კადრი, არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი, რას და რატომ ვაკეთებთ, მხოლოდ აპარატურა პრობლემას ვერ გადაწყვეტს.
„გარკვეულწილად პრობლემურია აპარატურის შესაძენად თანხების გამოყოფისა და ბიუროკრატიულად გართულებული მექანიზმების გადალახვის პროცესიც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პასუხისმგებელი პირების ცვლილებასთან ერთად, გარემოსდაცვითი, ბუნებრივი საფრთხეების მიმართულებით არსებული პოლიტიკა არ უნდა იცვლებოდეს“, - ამბობს თეა გოდოლაძე.
CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის, რევაზ გეთიაშვილის განცხადებით, 2015 წელს მომზადდა და დამტკიცდა თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგია, სადაც გარკვეულწილად გაიწერა ყველა ის პრობლემა, რაც თბილისს ამ სფეროში აქვს; თუმცა, აქ მხოლოდ ძირითადი მიმართულებებია გაწერილი და მეტ კონკრეტიკას საჭიროებს - აუცილებელია გაიწეროს ამ სტრატეგიის აღსრულება/განხორციელების ინსტრუმენტები და სამოქმედო გეგმები, რაც კონკრეტულ ვადებსა და ბიუჯეტზე იქნება მიბმული. პარალელურად, ამ სტრატეგიის მიხედვით, არაერთი პოლიტიკური, სტრატეგიული დოკუმენტია მოსამზადებელი, რათა თითოეული ღონისძიება ამ ერთიანი გეგმის ნაწილი იყოს. ასევე, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების კომპონენტს მოიცავს თბილისის გენ-გეგმაც, რომელიც 2016 წელს უნდა მომზადდეს.
„სერიოზული პრობლემაა ფინანსებიც. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვითი კუთხით სულ 9 მილიონი ლარია გამოყოფილი და ამ თანხით რისკების პრევენციისა თუ ქალაქის გამწვანების მხრივ ეფექტური ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია. შეგვიძლია ეს განვაზოგადოთ კიდეც, რადგან გარემოს დაცვის პრიორიტეტად ქცევის პრობლემა ყოველთვის არსებობდა და დღემდე არსებობს. გარემოსდაცვითი პროექტები ძირითადად საერთაშორისო დონორების მხრიდან ფინანსდება და ამას, ცუდია, მაგრამ მიეჩვია ხელისუფლება. გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებისთვის სახელმწიფოს ხარჯების გაღება ენანება, მიუხედავად იმისა, რომ პრევენციაში დახარჯული თანხა ბევრად ამცირებს პოტენციურ ზიანს, რომელსაც მიიღებ, თუკი აუცილებელ ნაბიჯებს არ გადადგამ“, - აღნიშნავს რევაზ გეთიაშვილი.
წყარო: http://eugeorgia.info/ გიორგი ჭეიშვილი