ბზის ალურა ლეჩხუმშიც გამოჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია

მავნებელი მწერი - ბზის ალურა ლეჩხუმშიც გამოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია, თუმცა ბევრი ჯერ ვერ გარკვეულა რასთან აქვთ საქმე და როგორ უნდა ებრძოლონ ამ მავნებელს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩქუმისა და ქულბაქის მოსახლეობა გარკვეული სახეობის მატლების გასანადგურებლად დახმარებას ითხოვს.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ნინო მჟავანაძემ განუცხადა, მწვანე ფერის მსხვილი მატლები, რომლებიც ქსელს აკეთებენ, გაზაფხულზე თავდაპირველად ხეობაში ბზის ბუჩქებს გაუჩნდა.
მისივე თქმით, ახლა უკვე მათ ხეობიდან სოფელში გადმოინაცვლეს და თითქმის ყველა ხეზე ქსელები გააკეთეს.

„ახლა უკვე ამ მატლებმა მოსახლეობის ეზოებში ხეებზე ქსელები გააკეთეს. ეს არის ობობის ქსელის მსგავსი. ერთ ქსელში 10-15 მატლია გახვეული. ანადგურებენ ხეებს და დგას საშინელი სუნი. სოფელში გაჩერება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ნინო მჟავანაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა. მჟავანაძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა მატლების წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარებას ითხოვს. 

ორგანიზაცია CENN-ს მომზადებული აქვს ბზის ალურასთან ბრძოლის ინსტრუქციები და დაინტერესებულ ადამიანებს თანდართული ვიდეოს მეშვეობით ვთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ამ მავნებელთან ბრძოლა.






ვიდეოები