საგანგებო თათბირი ზუგდიდში

24 აგვისტოს ,  ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელშიც თვითმმართველობების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. თათბირის მიზანი მავნებლის- ბზის ალურას გავრცელების შედეგად ბზის ინტენსიურ ხმობაზე სწრაფი რეაგირების გეგმის განსაზღვრა და კოორდინირებული ზომების მიღება იყო. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილის კობა ქანთარიას განცხადებით, დაუყონებლივ დაიწყება თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან აღნშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. რადგან ექსპერტული დასკვნები ოქტომბრის თვეში გახდება ცნობილი, აუცილებლობას  წარმოადგენს  საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადება. ამასაც გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ფიქრობენ, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს ამ მდგომარეობის გამოცხადება. მუნიციპალიტეტების გამგეობებს მიეცათ რეკომენდაცია- არსებული რესურსებით დაუყონებლივ დაიწყონ ბრძოლის ღონისძიებების გატარება ხელმისაწვდომ ადგილებზე, მათ გააჩნიათ პრეპარატების გარკვეული რაოდენობა და გამოცდილება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის განმარტებით, მათ გააჩნიათ სპეციალური აღჭურვილობა, ტექნიკური საშუალებები და საკარტინო მდგომარეობის გამოცხადებისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვის  შემდეგ, ჩაერთვებიან  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზეც ბზების შეწამვლის პროცესში. შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინფორმირებას. მედია საშუალებები აქტიურად უნდა ჩაერთონ და მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია მავნებელთან ბრძოლის მეთოდებზე. zugd2