ზუგდიდში გაზონები ორ დღეში განადგურდა

24 აგვისტოს, 15:00 საათზე, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში, იმართება საგანგებო თათბირი, რომელშიც თვიმმართველობების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. თათბირის მიზანი ბზის ინტენსიურ ხმობაზე სწრაფი რეაგირების გეგმის განსაზღვრა და კოორდინირებული ზომების მიღებაა. სპეციალისტების განცხადებით, კოლხური ბზის გადაშენების დინამიკამ ბოლო წლებში კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. ბზის სიდამწვრით ცნობილმა სოკოვანმა დაავადებამ გაანადგურა კორომების 80% მისი ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე. 2014 წელს გურიაში  კიდევ უფრო საშიში მავნებელი, ბზის ალურა გამოჩნდა, რომლიც ერთ წელიწადში მთლიანად მოედო გურიის, აჭარისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს. 2013 წლიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბზის დაავადებაზე რეაგირების სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც მოამზადა ეროვნული გეგმა და მასში გაწერილი ღონისძიებების მცირე ნაწილიც განახორციელა. მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კარანტინის გამოცხადებაზე, რომელიც ბზობის დღესასწაულამდე ვერ მოესწრო.  ბზობამ განსაკუთრებით გაზარდა როგორც სოკოვანი დაავადების, ასევე საშიში მავნებლის გავრცელების რისკი. შედეგად, 2015 წელს ბზის სიდამწვრე უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც დაფიქსირდა, ხოლო ალურა – მთელ დასავლეთ საქართელოში. იქიდან გამომდინარე, რომ ალურას შეუძლია ხეები ერთ დღეში გაანადგუროს და ამის საწინააღმდეგოდ უკვე წარმატებითაა გამოყენებული როგორც ქიმიური, ასევე ბიოლოგიური პრეპარატები, საჭიროა შეწამვლების უმოკლეს დროში ჩატარება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება საგანგებო სიტუაციის რეჟიმის ამოქმედება, რომელსაც კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა უნდა გაუწიოს. კოორდინაციის ერთიანი სქემის ამოქმედების გარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის ინსტრუმენტი უფლებამოსილ სტრუქტურებს გაათავისუფლებს ყველა პროცედურული ბარიერისგან, რაც პრეპარატების შესყიდვას და გამოყენებას სჭირდება. სპეციალისტები ასევე განიხილავენ პრეპრატების ტყეშიც გამოყენების შესაძლებლობასაც – ბზების ძირითადი ნაწილი უკვე გამხმარია, გადარჩენილი მცირე ნაწილის შეწამვლა კი აღარაა დაკავშირებული დიდ რესურსებთან და ტექნიკურ სირთულეებთან. 2