ინიციატივა სატყეო დარგის დეცენტრალიზაციისთვის

17-18 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის, ხობის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის  მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის  მერიის წარმომადგენლებს წარედგინათ  ,,ტყეების მართვის სისტემის დეცენტრალიზაციის ინიციატივა’’, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში არსებული  შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას ბუნებრივი რესურსების მართვაში. ინიციატივა გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრეინინგების ორგანიზებას ტყისა და მწვანე ზოლების მდგრად მართვაში (მუნიციპალური/სათემო ტყეების პრაქტიკა, ხეების მოვლა, უსაფრთხოება და აღჭურვილობა). ინიციატივა ასევე დაეხმარება საქართველოს მთავრობას ადგილობრივ თემებთან და თვითმმართველობებთან კომუნიკაციასა და პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში სატყეო რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე ნარგავების მოვლისა და სხვლა-ფორმირების სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავება და  შესაბამისი სამსახურების გადამზადება მათ დასანერგად. რეგიონებში ასევე დიდია ინტერესი ტყეების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ჯერ კიდევ ბევრია ტყეების უკანონო და არამდგრადი გამოყენების შემთხვევები. განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდის სოფლებთან ახლოს მდებარე ტყეები, თუმცა, ადგილობრივ თემებს არა აქვთ მათი მოვლის უფლებამოსილება და შესაბამისი პასუხისმგებლობა. ტყის მართვისათვის პასუხისმგებლობის გადაცემამ  თემებისათვის შესაძლებელია გააძლიეროს ტყეების დაცვა, თუმცა, ამას სერიოზული მომზადება და გარკვეული დრო დასჭირდება. 19–20 აგვისტოს ანალოგიური შეხვედრები აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმის მერიაშიც მოეწყო. შეხვედრები ასევე გაიმართა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსა და სატყეო სააგენტოსთან. martvil