მარნეულელი და თბილისელი ეკოკლუბელების ერთობლივი ტური დიღმის ჭალებში

27 იანვარს, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის და ეკოკლუბის ,,ჩვენი მომავლისთვის“ წევრები, პროექტის „საგანმანათლებლო ეკო-ტური მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში,  დიღმის ჭალებს ესტუმრნენ. ახალგაზრდებს გიდობა გაუწია დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის დამფუძნებელმა და დიღმის ჭალების მცველმა, ანა ტრაპაიძემ. მარნეულის N2 სკოლის ეკოკლუბის წევრებთან ერთად, ტურში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა გუგა დუდუჩავამ. 

ანა ტრაპაიძემ ეკოკლუბელებს გააცნო დიღმის ჭალების ეკოლოგიური პრობლემები, ესაუბრა მოსახლეობისა და კერძო ბიზნესის უპასუხისმგებლო საქციელით გამოწვეულ პრობლემებზე, ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებითი სამუშაოების უარყოფით შედეგებზე და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირების დადებით შედეგებზე.

მოსწავლეებმა ნახეს ის პრობლემები, რომელიც ჭალაშია. კერძოდ, ჭალაში იყრება სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რაც ძალიან დიდ ზიანს უქმნის გარემოს. ჭალა არის ძალიან დიდი და მასზე შეიძლება პარკის გაშენება, მაგრამ იმის გამო რომ ჭალა უყურადღებოდაა, როგორც სახელმწიფოს ასევე მოსახლეობის მხრიდან, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ბინძურდება ჰაერი და მრავლდება ქვეწარმავლების რაოდენობა.

ტურის ბოლოს მარნეულელი და თბილისელი მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მსგავს აქტივობებს და მარნეულში მდინარე ალგეთის კალაპოტის დასუფთავების აქცია დაგეგმეს.