შულავერელი მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ "გამონათების" წევრები კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე სხვადასხვა მიმართულების აქტივობებზე მუშაობას. ამ ეტაპზე დიდი ყურადღება დაუთმეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.

29 ნოემბერს, ეკოკლუბის აქტიურმა წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია ქალთა უფლებების შესახებ, ამოკრიბეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები და საკუთარი ხელით მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები. სამი მოსწავლე გარეკანის მოხატვაზე მუშაობდა, ოთხი - ინფორმაციის მოძიებაზე, დახარისხებასა და ბუკლეტები დატანაზე.

ბავშვებმა მოამზადეს, გადაამრავლეს და მოსახლეობაში გაავრცელეს 33 ბუკლეტი. ბუკლეტის ძირითადი შინაარსი იყო: ყველა თანასწორია! ოჯახური ძალადობა დასაგმობია. დაინახე - განაცხადე, ნუ გაჩუმდები და ა. შ. გარეკანიც და შიგნითაც ნახატები ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო შინაარსს ატარებდა.