სალიბაურის N1 სკოლის ეკოკლუბელებმა ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების ყუთები საკუთარი ხელით დაამზადეს

გარემოს დაბინძურება კაცობრიობის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დაბინძურების ერთ-ერთი წყარო საყოფაცხოვრებო ნარჩენებია. ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის N1 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციის მსვლელობისას აღმოაჩინეს, რომ გარემო ძირითადად დაბინძურებული იყო პოლიეთილენის პარკებით, პლასტმასის ბოთლებით და სხვა ისეთი ნივთებით, რომელთა  დაშლას წლები სჭირდება ან ზოგიერთი მათგანის ლპობა საერთოდ არ ხდება. ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ  მომავალშიც გააგრძელონ დასუფთავების აქციებში მონაწილეობა, თუმცა უფრო ორგანიზებულად და ეფექტურად.

პრობლემის მეტ-ნაკლებად გადასაჭრელად ეკოკლუბის წევრებმა ბიოლოგიის მასწავლებლებთან ერთად საკუთარი ხელით დაამზადეს ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის საჭირო ყუთები, გაუკეთეს წარწერები, განათავსეს როგორც სკოლის შენობაში, ასევე ეზოში.

ეკოკლუბელებს იმედი აქვთ, რომ ეს ადამიანებს ნარჩენების სეპარირებას გაუადვილებს და უფრო მოტივირებულს გახდის, რომ ნაგავი არ დაყარონ ძირს და მოათავსონ შესაბამის ყუთში. ამის შემდეგ, სალიბაურის N1 სკოლის მოსწავლეები დაუკავშირდებიან შესაბამის საწარმოებს და მიიტანენ გადასამუშავებლად. ამით ისინი მაგალითი გახდებიან სხვებისთვის და საკუთარ წვლილს შეიტანენ დედამიწის ეკოსისტემის გაჯანსაღებაში.