დაბა ნარუჯაში გენდერულ თანასწორობაზე იმსჯელეს

გენდერულ თანასწორობას მიეძღვნა სემინარი, რომელიც ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრების ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა.

ეკოკლუბის წევრმა სალომე კოჩალიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია  გენდერულ თანასწორობაზე: "გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობის და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე. გენდერული თანასწორობა არ უნდა გავიგოთ როგორც გენდერული მრავალფეროვნების, არამედ პირიქით, როგორც გენდერული უთანასწორობის საწინააღმდეგო. ის მიზნად ისახავს ქალების და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას. ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის, გენდერული თანასწორობისათვისაც საჭიროა მუდმივი ბრძოლა, დაცვა და მხარდაჭერა. გენდერული თანასწორობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქალს გააჩნია მამაკაცისნაირი ფიზიკური შესაძლებლობები. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, როგორი შესაძლებლობები აქვს სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს, მათ ერთნაირი უფლებები და საკუთარი თავის გამოვლენის ერთნაირი საშუალებები უნდა ჰქონდეთ..".

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო როგორც ეკოკლუბის წევრები ასევე  უფროსკლასელი მოსწავლეები, მასწავლებლები  და მოწვეული სტუმრები, დირექციის  და მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი. ქალის როლზე და მათ დამსახურებაზე  ისაუბრა თამუნა აბაშიძემ. მოიყვანეს მაგალითები გამოჩენილ ქალთა ცხოვრებიდან.

ამაზ ფუტკარაძემ ოჯახში არსებულ თანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: სასურველია ოჯახის ყველა წევრი ერთად იღებდეს გადაწყვეტილებებს, ყველას ჰქონდეს საშუალება ღიად გამოხატოს საკუთარ აზრი, აკრიტიკებდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ამავდროულად ოჯახში რჩებოდნენ დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდებად.

დასმულ შეკითხვებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ამომწურავი პასუხი გასცა, შეხვედრის ძირითადი მიზანი გენდერულ თანასწორობაზე მოსწავლეებში ცნობიერების დონის ამაღლება იყო. შეხვედრაზე კარგად  გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს  ესმით გენდერული თანასწორობა და შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები კარგად ჩამოაყალიბონ. დისკუსიის დროს გამოიკვეთა აზრი ჩაატარონ კვლევა თუ როგორია სტატისტიკა სკოლაში გოგონათა და ვაჟთა რაოდენობის, ასევე  დაბაში დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობისა. ეკოკლუბის წევრებმა აღნიშნეს რომ კვლევის მასალებს უახლოეს მომავალში  წარმოადგენენ.