2017 წელს ჩვენი პლანეტა ყოველ წუთში 40 საფეხბურთო მოედნის ზომის ტყის საფარს კარგავდა

შარშან, დედამიწის ტროპიკებმა 16 მილიონი ჰექტარი ტყის საფარი დაკარგა. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს რიცხვი ოდნავ ჩამორჩება 2016 წელს განადგურებული ტყის ოდენობას.

მონაცემების შეგროვების საფუძველზე, მერილენდის უნივერსიტეტმა აღნუსხა იმ ტროპიკულ ტყეთა ოდენობა, რომლებმაც 2017 წელს ხეების საფარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. დაზუსტებისათვის უნდა ითქვას, რომ ხეების საფარის დანაკარგი იგივე არ არის, რაც დეფორესტაცია (გაუტყიურება). საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ეს საზარელი პროცესი პირიქით, სინამდვილეში სუსტდება.

აფრიკაში ათასწლოვანი ბაობაბები მასობრივად ხმება - მეცნიერებმა მიზეზი არ იციან

ტყის საფარის დანაკარგები მოდის როგორც ველურ, ისე მართულ ეკოსისტემებზე. ძირითადი მიზეზი ბუნებრივი კატაკლიზმები ან ადამიანთა მიერ გამოწვეული ხანძრებია.

16 მილიონი ჰექტარი დაახლოებით 160 000 კვადრატული კილომეტრია. შედარებისათვის, ნეპალის ფართობი 147 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

უფრო ზუსტი წარმოდგენისათვის, დანაკარგის რაოდენობა იგივეა, რაც მთელი წლის განმავლობაში, ყოველ წუთში გაქრეს ამერიკული ფეხბურთის 40 მოედნის ზომის ტყის საფარი. როდესაც საუბარი ტროპიკულ ტყეებს ეხება, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ამაზონის ჯუნგლები. მხოლოდ ბრაზილიამ, ამაზონიის საკუთარ ნაწილში, 3,6 მილიონი ჰექტარი ტყის საფარი დაკარგა — სამჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს.

ასეთი ნახტომი პირველ რიგში გამოწვეული იყო უფრო ტყის ხანძრების გავრცელებით, ვიდრე დეფორესტაციით, რომელიც ამაზონის ჯუნგლებს ასევე მწვავედ უტევს. ამაზონის ტყებში ხანძრების აღნუსხვა 1999 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული, 2017 წელს ყველაზე მეტი ხანძარი გაჩნდა წინა წლებთან შედარებით.

ბოლო 16 წელიწადში, ორანგუტანების მსოფლიო პოპულაცია განახევრდა

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი — კლიმატის ცვლილება, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ფართომასშტაბიან ხანძრებს, არამედ იწვევს ხეების გამანადგურებელ სხვა კატაკლიზმურ მოვლენებსაც. მაგალითად, 2017 წელს, კუნძულ დომინიკაზე, სასტიკი ქარიშხლების სეზონზე განადგურდა ტყის საფარის მესამედი. გარდა ამისა, ტყის საფარის 10 პროცენტი დაკარგა პუერტო-რიკომაც.

კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი კოლუმბიაზე მოდის, რომელიც ტყის საფარის თითქმის 50 პროცენტს კარგავს. ამ ქვეყნის შემთხვევაში, დანაკარგების ძირითადი მიზეზი უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე კლიმატთან დაკავშირებული.

მას შემდეგ, რაც განაიარაღეს კოლუმბიაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფება „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები“, ამბოხებულებმა მიყრუებულ ტყეებზე კონტროლი დაკარგეს.

ამის შემდეგ, კომერციულმა ინტერესებმა გამოთავისუფლებულ ტყეებამდე მიაღწია. კოკას პლანტაციების გაშენებისა და ხე-მასალის შეგროვების მიზნით, დაიწყო ტყის მასობრივი, უკანონო ჩეხვა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლევანდელ მსოფლიო მონაცემებში ოდნავი გაუმჯობესება შეინიშნება, მაგრამ საერთო ჯამში, გასული სამი წლის საშუალო მონაცემები სიტუაციის გაუარესებაზე მიუთითებს. თუმცა, სიტუაცია ყველგან ასე საშინელი როდია. მაგალითად, ინდონეზიაში აღინიშნება ტყის საფარის დანაკარგების კლება. უფრო მეტიც, ბოლო სამ წელიწადში სიტუაცია გაუმჯობესდა.

როგორც ჩანს, ინდონეზიის შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა 2016 წლის მორატორიუმმა, რომელიც გულისხმობდა ტორფიანი მიწების გარდაქმნას სოფლის მეურნეობისთვის გამოსაყენებელ სავარგულებად. გარდა ამისა, 2011 წლიდან ინდონეზიაში საგრძნობლად გამკაცრდა ტყის ჩეხვის ლიცენზიების გაცემა. ინდონეზიის ძალისხმევა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რა არის გასაკეთებელი საგანგაშო სიტუაციის გამოსასწორებლად.

მიუხედავად მრავალი ძალისხმევისა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესში წვლილი შეაქვს გლობალურ დათბობას და სიღატაკეს, რაც ხალხს მოსავლის დათესვის მიზნით ტყის ჩეხვისაკენ უბიძგებს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.