სენაკელი მოსწავლეები სპორტული თევზაობის პოპულარიზაციას ეწევიან

27 ივნისი თევზჭერის საერთაშორისო დღეა. სენაკში არსებული წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის გუნდი ,,ECO-R” გამოეხმაურა ამ დღეს და მდინარე ტეხურაზე მოაწყო ,,სპორტული თევზაობა“. ამ აქტივობით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე–15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. 

დღის დასაწყისში მოსწავლეებმა ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს ფლაერები, რომელშიც მოუწოდებდნენ თევზჭერისას არ ემოქმედათ უკანონოდ და გაფრთხილებოდნენ გარემოს. შემდეგ კი მდინარის სანაპიროზე გამართეს ,,სპორტული თევზაობა“, რომელსაც აქვს შემდეგი პრინციპი – ,,დაიჭირე და გაუშვი“. ასევე, ,,ECO-R”–მა ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწოდებით გამართა რამდენიმე სპორტული აქტივობა. მდინარემდე მისვლა კი გადაწყვიტეს ველოსიპედებით. 

მისასვლელი გზა შეადგენს დაახლოებით 5 კმ–ს. აღნიშნულ აქციაში ჩაერთო სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, რომელმაც მოსწავლეები უზრუნველყო სათევზაო მოწყობილობით და საკვებით და თვითონაც მიიღო მონაწილეობა თევზაობაში. დღემ ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების გაფრთხილება და დაცვა.