სათემო განვითარება და ტყეები - ტრენინგი გორში

სათემო განვითარება და ტყეები - ამ თემაზე გორში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე ძირითად რეკრეაციული ტყეების მართვისა და რესურსების პროდუქტიულად გამოყენებაზე იმსჯელეს. მას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმოადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 

„ეს გახლავთ ტყის რესურსი, რომელიც დღეს უმეტეს შემთხვევაში აუთვისებელია, თუმცა ის შეიძლება გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო სოფლად მცხოვრები მოსახლებისთვის, განსაკუთრებით კი, მაღალმთიანი სოფლებისთვის. ამ ეტაპზე მნიშნველოვანია, მოხდეს ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირება“,  - განაცხადა ლადო ბასილიძემ, ერთ-ერთმა ტრენერმა.

კომპანია „კერას“ წარმომადგენელმა ტრენინგზე ალტერნატიული საწვავის წარმოებაზე ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული კომპანია საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე ახორციელებს. თამაზ ლომიძის განმარტებით, კომპანია „კერა“ საქართველოს მასშტაბით კიდევ სამი საწარმოს გახსნას გეგმავს. მისი თქმით, შიდა ქართლში არსებული ბუნებრივი რესურსი ალტერნატიული საწვავის წარმოების საშუალებას იძლევა:

„ჩვენი კომპანია საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს შეშის წვის ალტერნატიულ საშუალებას. ეს არის-ბრიკეტი. მისი 1 კუბომეტრი ანაცვლებს 5 კუბომეტრ შეშას. ამ ეტაპზე ჩვენს კომპანიას გააჩნია სამი საწარმო. ასევე, დაგეგმილია ზაფხულამდე კიდე სამი საწარმოს დამატება. შეიძლება ერთ-ერთი იყოს შიდა ქართლშიც, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, - განმარტა თამაზ ლომიძემ.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოციერების ხელშეკრულების მიხედვით, მომავალი წლისთვის საქართველოში შეშის ჭრა მინუმუმ 30%-ით უნდა შემცირდეს. ბიომასის ბრიკეტის გამოყენება კი ტყეების გაჩეხვის სტატისტიკას მნიშნველოვნად შეამცირებს. ბრიკეტი ძირითადად გამომშრალი ხის ნაფოტების, ტყისა და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისგან მზადდება.