აბაშის სოფელ სუჯუნის სკოლის ეკოკლუბმა ტყეებში არსებული მრავალი პრობლემა გამოავლინა

აბაშის სოფელ სუჯუნის საჯარო სკოლაში "ნიკო კეცხოველის პრემია 2018 "ფარგლებში ეკოჯგუფ ,,ევრიკის" წევრებმა ჩაატარეს გარემოდაცვითი აქტივობა-სემინარი თემაზე: ,,ტყე შეუნახე შვილებსა". ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს მოკლე გამოკითხვა ჩვენს სოფელში არსებული ტყის რესურსის არსებობისა და მოსახლეობის მიერ მისი მოხმარების შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საწვავ სათბობად იყენებს შეშას და ამავე დროს გაყიდული შეშა არის მოსახლეობის შემოსავლის წყარო. ბოლო დროს საკმაოდ დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა მოსახლეობა. ტყეში მცხოვრებმა გარეულმა ცხოველებმა ადგილობრივებს შინაური ფრინველები და საქონელი გაუნადგურა. ტყეების გაჩეხვამ მდინარის კალაპოტების ადიდებისას ჭალა ჩარეცხა და ბევრი სხვა კონკრეტული პრობლემა წარმოშვა. 

არსებობს პრობლემა, უნდა არსებობდეს მისი გადაჭრის გზაც. ამიტომ, ეკოჯგუფმა ,,ევრიკამ" მოიწვია სოფლის გამგებელი, გამოკითხვაში მონაწილე ადამიანები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და გააცნეს გამოკითხვის შედეგები. ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე და დანიშნულებაზე (ნიადაგდაცვითი ,რეკრეაციული, ქარსაცავი ზოლების) კონკრეტულად მათი სოფელის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სოფლის გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ მიმდინარე 2018 წელს სოფელში იგეგმება სოფლის გაზიფიცირება, რომელიც საგრძნობლად შეამცირებს ტყის გაჩეხვას. გარდა ამისა მოსწავლეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გარკვეული ტერიტორიის გამოყოფის შემთხვევაში დარგავენ ხეებს ტყის გამდიდრებისა და შენარჩუნების მიზნით.