იმერეთის სოფელ ნაგარევში მოსწავლეებმა მათ სკოლასთან მდებარე პატარა ტყეს ვაჟა ფშაველას სახელი დაარქვეს

იმერეთში, სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლის გუნდმა ,Green Wood” კონკურსის ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 - აღმოაჩინე საქართველოს“ ფარგლებში დაასუფთავა სკოლის ახლოს მდებარე ძელქვისა და კვინცხის პატარა ტყე. 

ტყე დაბინძურებული იყო პლასტმასის ბოთლებით, პოლიეთილენის პარკებით, ჩამოცვენილი ხის ტოტებით და სხვა. ტყე არის ძალიან ლამაზი, აქ ყველა ხე ჩასმულია ქვისაგან შექმნილ ბუნებრივ ,,გალავანში“. ტყე განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე, როდესაც ნიადაგი მთლიანად იფარება ყოჩივარდებით, იებით და ენძელებით. 

გუნდმა ტყეს მიანიჭა ვაჟა ფშაველას სახელი. მოსწავლეებს სურვილი აქვთ იქ ჩატარდეს ბუნების თემაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, დაიდგას ინსცენირებები ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებიდან, მოსწავლეებმა წაიკითხონ მისი ლექსები. 

"ამ აქტივობებში გვინდა ჩავრთოთ ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. ჩვენი მიზანია ამით სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო გავუღვივოთ ბუნების სიყვარული. ტყეს კი ახალი სიცოცხლე მივანჭოთ" ამბობენ ნაგარევის საჯარო სკოლის გუნდის წევრები.