მესტიის სოფელ ლახამულას სკოლის მოსწავლეები კოლხური ბზის გადასარჩენად იბრძვიან

წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ბზა საფრთხის წინაშეა. მას სოკოვანი დაავადება ანადგურებს. ხმებიან ასწლოვანი ბზის კორომები. მესტიის სოფელ ლახამულაშიც იდგა რამოდენიმე ძირი ბზა, მაგრამ მასაც შეახმა ფოთლები, რამაც დააფიქრა მესტიის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები და ბზის დაკალმება გადაწყვიტეს. 

ბზის დაკალმების იდეა ლახამულელებს მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელმა ეკატერინე წულუკიძემ მიაწოდა, კლუბის წევრების სტუმრობის შემდეგ მათსავე ნაჩუქარ ტორფის პატარა ქოთნებში დააკალმეს ბზის ახალგაზრდა წანაზარდები და თითეულ ქოთანს დააწერეს მოსწავლის სახელი, მათ ეს ქოთნები სახლში წაიღეს და მოვლას არ აკლებენ. 

ბზის დაკალმებაში ეკოკლუბის ხელმძღვანელ ნინელი ეჯიბაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო და საკუთარი ბზის კალმები მოიტანა ისტორიის მასწავლებელმაც. ბავშვებს ძალიან უნდათ გაახარონ მათი ბზა და გაზაფხულზე ნიადაგში გადაიტანონ.