გალის სოფელ ოტობაიას N1 სკოლის მოსწავლეების ლაშქრობა ოჩამჩირესა და სოხუმში

ოკუპირებულ გალის, სოფელ ოტობაის N1 საშუალო სკოლის ეკოკლუბ "ფენიქსის" წევრებმა მოაწყვეს ექსკურსია-ლაშქრობა ოჩამჩირის სოფელ მოქვში, სადაც ნახეს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი -  ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც მე-X საუკუნეშია აშენებული. ეკოკლუბის წევრებმა ტაძარში ქართულად იგალობეს, შემდეგ კი დაასუფთავეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. 

"გავითვალისწინეთ, რომ ამ ახალ წელს სოფლებში დიდი რაოდენობით ნაძვი იჭრება და ეკლესიის ეზოში ნაძვიც დავრგეთ. იმის ნიშნად, რომ აუცილებელია ვიცხოვროთ ჯანმრთელ გარემოში, არ მოვჭრათ ხეები გავუფრთხილდეთ ბუნებას" - ამბობენ ოტობაიას N1 სკოლის ეკოკლუბის წევრები.

მოქვის შემდეგ ბავშვებმა გზა სოხუმისკენ განაგრძეს. გზად ქართველების ნასახლარი სოფლები გაიარეს, სოხუმის. ბოტანიკურ ბაღში შესვლამდე დანაგვიანებული საფეხმავლო ბილიკი დაასუფთავეს და ნაგავი ახლოსმდებარე სანაგვე ბუნკერში მოათავსეს. 

სოხუმის ბოტანიკურ ბაღში საკმაოდ ბევრი და იშვიათი ჯიშის ხეებია, რომლებიც საუკუნეებს ითვლის.ზღვის სანაპიროზე გასეირნების შემდეგ გალელი მოსწავლეები წავიდნენ სოფელ ილორში, სადაც წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძარია.
 
"ილორში დაგვრთეს ნება გვეგალობა ქართულად. პოზიტიური ემოციებით დატვირთულებმა განვაგრძეთ გზა შინისაკენ იმ იმედით, რომ ოჩამჩირე, რომლიც ასე მიტოვებულია, კვლავ იქნება დასახლებული ქართველებით და ისეთ ქალაქში, როგორიც სოხუმია, ბავშვებს ქართულად საუბრის აღარ შეეშინდებათ" - ამბობენ ოტობაიელი მოსწავლეები.