კვლევა: სოფელ კასუმლოს მთელი მოსახლეობა ძირითად საწვავად შეშას იყენებს

მარნეულის სოფელ კასუმლოში, სკოლის მოსწავლეების მიერ შეშის მოხმარებაზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 300 ოჯახი. ყველა ოჯახი ძირითად საწავად იყენებს შეშას. გამოკითხულთა 20% მომარაგებული არ აქვს ზამთრისთვის სამყოფი შეშა. ისინი შეშის მომარაგებას ეტაპობრივად აპირებენ. მთავარი პრობლემა შეშის სიძვირეა. 

მოსახლეობა თვლის, რომ შეშის მომარაგება გართულდა. გამოკითხულთა 90 %-ს სახლში გათბობის გარდა შეშა ესაჭიროება სათბურებისთვის. თითოეულ ოჯახს ორი ან სამი სათბური მაინც აქვს. ამდენად 90% ესაჭიროება ორი სატვირთო მანქანა შეშა, დაახლოებით 12 კუბური მეტრი. აქედან გამომდინარე, 90 %-თვის ზამთრის განმავლობაში 1200 ლარიდან 1400 ლარამდე თანხაა საჭირო შეშის შესაძენად. მხოლოდ ის ათი პროცენტი, ანუ ის ოჯახები, რომელთაც სათბური არ აქვთ მსუბუქი მანქანის შეშით კმაყოფილდებიან. 

სამასივე ოჯახი იყენებს ხმელ ფიჩხს. მოსახლეობის 80 % გასათბობად იყენებს სვანურ ღუმელს, 20 % კი, თუნუქის. (ძირითადად ის ოჯახები, რომლებშიც მხოლოდ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს). ძირითად გასათბობად გამოიყენება რცხილა და წიფელი. მოსახლეობა შეშას შეშის გამყიდველებისგან ყიდულობს, ამიტომაც არავინ იცის რა მანძილზე ხდება შეშის ტრანსპორტირება. გამოიყენება როგორც ხმელი, ასევე ნედლი შეშა. 

მოსახლეობას არაფერი სმენია ბრიკეტების შესახებ. მოსახლეობამ არ იცის რა მდგომარეობაა ტყეებში. კასუმლოს გაზიფიცირება უკვე დაწყებულია და მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მომავალი წლიდან შეშა აღარ დასჭირდებათ. (სკოლა გასათბობად იყენებს დენს და შეშას. დახლოებით 20 კუბური მეტრი).