ფოთის N4 სკოლის ეკოკლუბელები სამეგრელოში არსებული უნიკალური ძელქვებით დაინტერესდნენ

ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები სტუმრობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძასა და ვედითკარს. გასვლის მიზანი იყო უნიკალური ჯიშის- ძელქვის ხეების დათვალიერება, აღწერა და ფოტოგრაფირება. მოსწავლეებმა აღრიცხეს ძელქვის ხეები, გაზომეს მათი დიამეტრი და მოახდინეს ფოტოგრაფირება. წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია ამ უნიკალური ჯიშის ხეებზე და მათ ნაირსახეობებზე, რომელიც სამეგრელოშია გავრცელებული. 

ეს უნიკალური სახეობები წითელ წიგნშია შეტანილი. საინტერესოა ვედითკარის სკოლის ეზოს შემოგარენი სადაც ძელქვის უნიკალური მრავალწლიანი ხეებია დიდი რაოდენობითაა შემორჩენილი. ძელქვა ტენისა და ჩრდილის მოყვარული ხეა. იზრდება ხეობებში, მდინარეების პირას ფართოფოთლოვან ტყეებში. ყვავილობს მარტ-აპრილში. ნაყოფი მწიფდება აგვისტოში. შემორჩენილია მისი 6 სახეობა. მათგან ერთი — რცხილაფოთოლა (ლათ. Zelkova carpinifolia) ირანსა და ამიერკავკასიის დასავლეთ (იმერეთი, სამეგრელო), აღმოსავლეთ (კახეთი — ახმეტის მუნიციპალიტეტი, ლენქორანი) და სამხრეთ (ყარაბახი) ნაწილებში იზრდება, დანარჩენი 5 — კრეტაზე, ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში. ცოცხლობს 500-600 და მეტ წელს. მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარითა და ფესვის ნაბარტყით. მერქნის მაღალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ერთ-ერთი უძვირფასესი მცენარეა. სწრაფმზარდი და დეკორატიულია. ხშირად საფრთხეს უქმნის: ტყის კაფვა, მცირე არეალი და სხვ. იყენებენ ბაღ-პარკში, ტყის სარეკონსტრუქციოდ და გასაშენებლად.