ჭიათურელ მოსწავლეს ქარსაფარი ზოლის გაშენება სურს

ჭიათურის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრის მერაბ შეყილაძის ინიციატივით სოფლის დასაწყისში, ე.წ. „ხუთზიარის“ ტერიტორიაზე შესაძლოა ქარსაფარი ზოლის გაშენება დაიწყოს. ეს ტერიტორია გეზრული-თვალუეთის შუაში მდებარეობს და ყველაზე მეტად საშიში თოვლიანი ქარის დროსაა, რადგან დასავლეთის ქარის დროს წარმოიქმნება ძალიან მაღალი თოვლის სერები.

შესაძლოა, თოვლის საფარი 10 სანტიმეტრზე დაბალი იყოს, მაგრამ ქარბორბალას გამო ხდება თოვლის 150-200 მეტრიან ზოლზე დაგროვება, რაც გამოწვეულია დასავლეთის მიმართულებიდან უტყეობით და აღმოსავლეთის მხარის ტყიანობით. ქარს ვეღარ გადააქვს აღმოსავლეთით დასავლეთიდან წამოღებული თოვლი და გზაზე აკუმულირდება.

„ფიჭვები ამ ტერიტორიისთვის ბუნებრივია, თუმცა, ეს მხარე გაუტყიანებელია, ჩვენს ოჯახსაც ჰქონია შეფერხება საკუთარი მანქანით გადაადგილებისას, ძალიან კარგი იქნება, თუ მწვანე საქარე ზოლს გავახარებთ და 10-ოდე წელში აქ ნამქერი აღარავის შეაწუხებს“, _ განაცხადა მე-12 კლასის მოსწავლე მერაბ შეყილაძემ. ინიციატივა ეკოკლუბის და სკოლის ხელმძღვანელობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე იქნა დაწყებული.