ონის საჯარო სკოლის მოსწავლე ერთი დღით ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა

ქალაქ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "თანავარსკვლავედის" ლიდერმა ლუკა ჩიხრაძემ ერთი დღით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო  დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობა შეასრულა. იგი ასევე შევხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრსა და მის მოადგილეებს. გარდა ამისა, გუნდ "თანავარსკვლავედს” დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გადაეცათ სპეციალური ვაუჩერი, რომლითაც ისინი ნავენახევის მღვიმეს დალაშქრავენ.

ონის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2019 წლის ნიკო კეცხოველის სახელობის ახალგაზრდული კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა გამოარჩია. 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სკოლის გუნდი ფინალური ეტაპის მონაწილე არ იყო, სამინისტროს მიერ დაწესებული პრიზი სწორედ ერთი დღით მაღალი რანგის საჯარო მოხელის მოვალეობის შესრულებას და არსებული გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ გაცნობას ითვალისწინებდა, რასაც თავი ლუკა ჩიხრაძემ ძალიან კარგად გაართვა.