საკონსულტაციო შეხვედრა სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებთან, ბზის ხმობის პრობლემასთან დაკავშირებით

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა - სოკოვანმა დაავადებამ (პათოგენური სოკო Cylindrocladium buxicola), რომელიც ბზის სიდამწვრის სახელითაა ცნობილი, 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების ძირითადი ნაწილი გაანადგურა. CENN -მა, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში, ბზის დაავადებაზე რეაგირების ეროვნული გეგმა შეიმუშავა. გეგმით გათვალისწინებული კომპლექსური ღონისძიებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სახეობის კონსერვაცია და აღდგენა. ამ ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, CENN-ის მიერ მიწოდებულ სპეციალურ კასეტებსა და სუბსტრატში, 253 ძირი ბზა დააკალმეს. ბზის კალმებით გამრავლების ინიციატივა სხვა სკოლების მოსწავლეებსაც გაუჩნდათ. კოლხური ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის, ბუნებრივი გარემოდან ამოღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევევბში ან გამრავლებისთვის შეიძლება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 15 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებთან გამართული  საკონსულტაციო შეხვედრის მიზანი გამრავლებისათვის კოლხური ბზის ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღების სამართლებრივი საკითხი და ჯანმრთელი მცენარეების გავრცელების კონკრეტული ადგილების შესარჩევად მოკვლევის დაგეგმვა იყო. რადგან  დაკალმებისათვის აუცილებელია მცენარის შერჩევა დიდი ყურადღებით. შერჩეული მცენარე და მის გარშემო მყოფი ყველა მცენარე უნდა იყოს ჯანსაღი. წელს, სოკოვანი დაავადების გარდა, დაფიქსირდა მეტად საშიში მავნებლის -ბზის ალურას მასობრივი გავრცელება, რაც გასულ წელს მხოლოდ კერძო ნაკვეთებზე შეინიშნებოდა. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სატყეო სამსახურის მეტყევეეები რეგიონის სატყეო უბნებში, უახლოეს დღეებში ჩაატარებენ მოკვლევას ჯანმრთელი მცენარეების შერჩევის მიზნით. მომზადებულ კალმებს  მოსწავლეები  CENN-ის მიერ მიწოდებულ კასეტებსა და სუბსტრატში ჩარგავენ და მოუვლიან, დაფესვიანების შემდეგ კი სკოლის ეზოში გადარგავენ. 1