თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ეკოკლუბი სკოლის ტერიტორიაზე წიწვოვან ხეებს გაახარებს

თბილისის გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ეკოკლუბმა გადაწყვიტა საგანმანათლებლო ცენტრ „ეკოსკოპის“ ნაჩუქარი თესლით გაახაროს ელდარის ფიჭვისა და კავკასიური სოჭის ნერგები. 

მოსწავლეებმა გამოიყენეს ინსტრუქცია, რომელიც საჩუქარს ახლდა. დასათესად გამოიყენეს მეორადი პლასტმასის ჭურჭელი. პირველ რიგში ჭურჭლის ძირი გახვრიტეს რამდენიმე ადგილას და ჩაყარეს წვრილი ქვები დრენაჟისთვის. ტყის მიწას შეურიეს ქვიშა და დათესეს მცენარეები. შემდეგ ჭურჭელი მოათავსეს ნათელ ადგილას, მაგრამ, ისე, რომ, მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს. 

გახარებულ ნერგებს ეკოკლუბ „მწვანე ფარის“ წევრები გამოიყენებენ საკუთარ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს გაზაფხულზე სკოლის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე საქართველოსთვის დამახასიათებელი ადილობრივი მცენარეების გახარებას. 

ეს საქმიანობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე -17 (თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის), მე-15 (დედამიწის ეკოსისტემები),  მე-11 (ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება), მე-13 (კლიმატის მდგრადობის მიღწევა) მიზნებს.