თბილისის ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღე აღინიშნა

მეტყევის პროფესიული დღე თბილისის ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წარმატებულ მეტყევეებს სიმბოლური საჩუქრები და სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სიგელები გადასცა. დამსახურებელ მეტყევეებთან ერთად, დღეს ახალგაზრდა მეტყევეებიც დაჯილდოვდნენ. ღონისძიების მიზანი დარგის პოპულარიზაცია, თანამშრომლების წახალისება, მეტყევეთა პროფესიული ზრდა და ახალი კადრების მომზადების ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის (CENN) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა. საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით გასულ წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და მიმდინარეობს ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავება. კონცეფციის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას.   12