ნაჯახის აღსარება

ჩემთვის ცხოვრების ყველაზე ტკბილად გასახსენებელი წლები წამიერ ბავშვობას უკავშირდება. ბავშვობა უმეტესად გურიის ერთ-ერთ სოფელში მაქვს გატარებული. როგორ ტკბილად მახსოვს ჩემი ეზოს გული-ამაყი მუხის ხე, რომელსაც ბაბუაჩემის მოხუცი, დანაოჭებული, თბილი ხელით დამზადებული საქანელა ამშვენებდა. ვინ იცის, რამდენი მოგონება მაკავშირებს ამ ეზოსთან, რომლის დიდ ნაწილში მწვანექუდიანი ხეები იდგა. ჩრდილში წამოვწვებოდი ხოლმე სათამაშოებით, ვისმენდი ჩიტების ჭიჭკიჭს და სხვისი ხმა აღარ მესმოდა. სწავლის დამთარების შემდეგ დიდი მოლოდინით მივდიოდი სოფელში, სადაც ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ... მანქანის ანფასს წვიმის წვეთები ეთამაშებოდნენ. მგონია არაფერია იმაზე ლამაზი, როგორიცაა ვარსკვლავთზეწარში გახვეული ღამის ცის დიასახლისი-მთვარე, მშვიდად რომ აძინებს ხოლმე ღრუბლებს, უჟმური ღრუბლები კი ხშირად გაურბიან მას და ჯიუტად ილტვიან შორს, თითქოს და თავგადასავლების საძიებლად. სისწრაფეში კი ისე ეჯახებოდნენ ერთმანეთს, რომ უღონო მიწას წვიმას უგზავნიდნენ. ოხ ეს ჭორიკანა წვიმის წვეთები, ინტერესით ყველას და ყველაფერს ედებოდნენ, მათ ქარი ხიაწზე მიყრიდა და ერთმანეთს აზრებს, ოცნებებს უზიარებდნენ. რა სწრაფად გადის დრო, სადაცაა ბეღურები შემოაცილებენ ზამთარს და ბუნებაც ძილს დანებდება. სიცივე ყოველ წარმოთქმულ სიტყვას დღითიდღე მიყინავს, არც ფიქრობს სიტყვების მნიშვნელობაზე. ძალიან აცივდა. ბუხრებიდან კვამლი ზოზინით ამოდის, მასაც არ უყვარს სიცივე, რომელთან შეხვედრაზეც ფეხს ითრევს, მაგრამ მათი შეხვედრა ისეთივე გარდაუვალია, როგორიც დღისა და ღამის. სიცივე გონებას მიბინდავდა, სულ მომიყინა თითები, თითები-რომლებსაც ყველაფერზე მეტად უყვართ სიმშვიდისბაფთებიანი აკორდებით ოქტავებიდან ოქტავებში ბოდიალი ისე, როგორც ქარს, ღრუბლის ფრანით ხეტიალი, მაგრამ ქარს მალევე ბეზრდება. მოყინული თითებით კი ისე მიჭირდა მანქანის მართვა, როგორც სიყვარულს ადამიანის გონების, გულს კი მალევე იმორჩილებს. ...და აი, მივუახლოვდი ჩემს ეზოს. მეგონა, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა, მაგრამ ეზოს დანახვისთანავე იმედები წამიერად ჩამეყინა ხელებში. მიწაზე მჯდომი კუნძები რომ დავინახე, სახე გამიფითრდა. წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ ჩემი მუხის ხე, რომელზეც სოფელში გატარებული ბავშვობის წლები იყო მოგონებებად ასხმული, აღარ იყო. ცრემლები წამიერად გადასცდნენ წამწამთაბრისებს, ცრემლები, რომლებიც ღაწვების დაღმართს არ უშინდებოდნენ. ირგვლივ სიჩუმე ბობოქრობდა ზამთრის სკილპტრით, მაგრამ უცებ საიდანღაც ხმა მომესმა, ოღონდ ეს ხმა არ იყო არც ადამიანის, არც ცხოველის და არც ფრინველის, ეს ოხვრა იყო ბედისგან დატანჯული ნაჯახის, რომელიც თავის ბედს მისტიროდა. ყური დავუგდე და შემრცხვა, რომ ვარ ადამიანი, რომელიც ალბათ ყველაფერს გააკეთებს თავისი კეთილდღეობისთვის, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც. ვგონებ, ის ოხვრა ნაჯახის უკანასკნელი სიტყვები იყო: „ჩემთვის რომ ეკითხათ, ამ სამყაროს თოხად ან თუნდაც ბარად მოვევლინებოდი, ვიზრუნებდი ახალ სიცოცხლეზე და ახლა? ადამიანი მიყენებს იმიტომ, რომ მოსპოს ჯანსაღი სიცოცხლე. გამომიყენა და მიმაგდო. რა უსამართლობაა, ჩემი ტანი ხომ ხისაა, რა პასუხი გავცე მათ იქ, მაგრამ ვიცი გამიგებენ. ეჰ, ვინ იცის რამდენი ცხოველი გამოვასალმე სიცოცხლეს. ადამიანი წამდაუწუმ ხომ მუცლის ამოვსებაზე ფიქრობს და სხვა, არაადამიანი არ აინტერესებს. მოჭრიან ხეებს და იმის მაგივრად, რომ მიწას ახალი სიცოცხლის სული შთაბერონ, დარგონ ახალი ნერგები, გაკაფული ტყის ტერიტორიაზე აშენებენ სხვადასხვა შენობებს, ისევ მათი კომფორტისთვის, არც ფიქრობენ ჰაერზე. ისიც მართალია, რომ ადამიანი ბუნების წინაშე საბოლოოდ მაინც უძლურია. ერთი ძლიერი ღვარცოფი და თითმის ყველაფერს ბოლო მოეღება, მაგრამ ბუნება უთმენს ადამიანს, ამას კი ბევრი ვერ ხვდება. მე-ადამიანის მონას, პატრონის ჭკუაზე აყოლილს, მთელს ტანში ვცახცახებდი, როცა ჩემს საქმეს ვასრულებდი. სულ მინდოდა მეტირა, სიმწრით მეყვირა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ვიცოდი ვერავინ გამიგებდა ჩემი გულის გარდა, ამიტომ სიმწრით ვყვიროდი ჩემს სულში, ჩემივე გულის გასაგონად, მხოლოდ მას ესმოდა ჩემი. შიში კი გრიგალივით დარბოდა გულის გახუმებულ სიმებს შორის. ნისლი წოდინ-წოდინით მსაყვედურობს: მე ვაძინებდი იმ ხეებს, შვილივით მიყვარდა თითოეული, შენი წყალობით რომ ადამიანმა სიცოცხლეს გამოასალმაო. ჩიტებიც მსაყვედურობდნენ. ეჰ, რა ცოდვილი ვარ...“ ნაჯახის ირგვლივ, გაუკაფავ მინდორში რამდენიმე კუნძი და მოხუცი, სუსტი, დაბალი ხე იყო, ხის ფესვებს, მიწაზე უსიცოცხლოდ გაწოლილს, ბალახები იხუტებენ და წვიმის წვეთებით დასტირიან მოსასულიერებლად, გამოსაცოცხლებლად, მაგრამ ამაოდ. ნაჯახმა ოხვრა შეწყვიტა, ღრმად ამოისუნთქა და წვიმით დალპობილ ხის სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, იგრძნო, თუ რა უსუსური იყო თითოეული ხე სიკვდილთან შეხვედრის დროს. სასოწარკვეთილი დავბრუნდი ქალაქში და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ასე, უიმედოდ არ უნდა გაგრძელებულიყო. ჩვილი ნერგებით ჩავედი სოფელში რამდენიმე თვის შემდეგ. ჩემს შვილსაც უნდა ჰქონდეს ისეთი ბავშვობა, როგორიც მე მქონდა იქ, დასასვენებლად ჩასულს, ხის ქვეშ მჯდომს, ირგვლივ თოჯინებით, ტკბილეულობებით, ჩრდილით, სიგრილით, სუფთა ჰაერით, საქანელით ანუ ბედნიერებით.