კუნძის თავგადასავალი

ჩემი ცხოვრება არც ისეთი საინტერესოა, როგორიც თქვენი. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ერთმანეთს რაღაცით მაინც ვგავართ. დიდი ხნის წინათ, როცა ქვეყანაზე მხოლოდ გვიმრები და ხეები ცხოვრობდნენ, ჩემი წინაპრებიც მაშინ გაჩნდნენ და მას შემდეგ ერთმანეთის ნაკვალევში ვიზრდებით, მე მამის ნაკვალევში, მამა ბაბუის, ბაბუა დიდი ბაბუის და ასე დაუსრულებლივ. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ. ჩვენი გენის ჩამომავალნი აი ამ მთის ფერდობზე ვცხოვრობთ და ფეხი არსად მოგვიცვლია, არასდროს გადავსულვართ ახლობელი ხეების საზღვარში, ჩვენს გვერდით ნაძვები, ფიჭვები, წიფელა და კიდევ ღმერთმა იცის რამდენი ოჯახი ცხოვრობს. ერთმანეთის მოპირისპირედ ვდგავართ და ფესვებით ვამაგრებთ მიწას. როგორც არწივი ჩააფრინდება კლანჭებით მსხვერპლს, ისე ვებღაუჭებით დედიშობილა მიწას. ჩვენს სოფელს ტყეს ეძახიან. ბევრია ჩვენში ნადირი. ტანში მცრის, როცა მშიერი მგელი გამოუდგება ხარ-ირემს, მოვა და გაიბლანდება ტოტებში, ამ დროს თვალებში ვუყურებთ და სიკვდილის მეტს ვერაფერს ვხედავთ, ტოტებს ვწევთ, წელამდე ვიწევით ფესვებიანად და საუკუნის შეხორცებულ ძვლებს ხმლებივით ვიშიშვლებთ. ჩვენში დიდია თოვლი, ხშირად ტოტები გვატყდება გაზულუქებული ფიფქებით და ჩვენც ტორსს ვემსგავსებით, აქედან იწყება ახალი სიცოცხლე, ასე ამოვიზარდე მამის ფესვებიდან. ვეხიდები, რომ არ წაიქცეს ჩემი მოხუცი. მე კიდევ არა მიჭირს რა, ძალა მერჩის. გაზაფხულისპირს არაფერი შეედრება, ტოტებს მაღლა აღვაპყრობთ და ცას შევღაღადებთ, მადლობას ვსწირავთ ამ დღეს კიდევ რომ მოვესწარით. სხვა სიცოცხლეა გაზაფხული, პეპლები თავბრუს გვახვევენ, თითქოს დაჭერობანას გვეთამაშებიან, ხან რომელი მხრიდან მოგვირბენენ, ხან რომელი და ჩვენც სიცოცხლის ჟინს ვიკლავთ. რაც წამოვიზარდე მას შემდეგ ჩემი მოხუცი ხშირად ავადმყოფობს, მოვა ჩვენი ექიმი და დილიდან საღამომდე დაუზარელად მკურნალობს ჩემს მოხუცს, თითქმის აღარ დარჩა დაკოჟრილ სხეულზე ადგილი წყლულები რომ არ ქონდეს. თმა სულ გაცვინდა და მიწისკენ ექაჩება დამძიმებული სხეული, ხშირად მსაყვედურობს და მახსენებს სიტყვებს „მიწა ხარ და მიწად იქეც“, მე კი არადა არ მემეტება. სხვა სიცოცხლეა, როცა ათასი რჯულის ჩიტები ჩამოსხდებიან ნაზამთრალ ტოტებზე და ჟრიამულით იკლავენ აქაურობას, ზოგისთვის შეხვედრის ადგილია ჩემი სხეული, ზოგი კი მოდის და აქვე სახლდება, აი, უბეში შოშიის სამიოდ კვერცი მიდევს, დღედღეზე გამოიჩეკებიან და მერე აღარ მოვიწყენთ, ახლა კი ვცდილობ წვიმისგან დავიცვა ჩემი შოშიები, რომ არ გაცივდნენ. ასე ვცხოვრობდით დასაბამიდან, ასე ვიცავდით ერთმანეთს, მაგრამ ერთ დღეს ჯერ კიდევ ათასი წლის წინათ ჩვენს ტყეში ჩვენთვის უცნობი ცხოველი გამოჩნდა. მოვიდოდა, დადგებოდა და საათობით ამოგვცქეროდა, ისე, რომ ფეხს არ მოიცვლიდა. ჩვენც მივეჩვიეთ უცნაურ ამბავს და არაფრის გვეშინოდა, ალბათ მოსწყინდა ერთ ადგილას დგომა და ამოძრომა სცადა, ლამის ძვლები დაგვამტვრია, მერე კიდევ უფრო მიგვეჩვია და ერთ დღესაც უბიდან მთელი თვის ნალოლიავები კვერცხები მოგვპარა, იმ დღიდან შევიძულეთ ადამიანი. მას შემდეგ შევიძულეთ შემოდგომაც! ყოველი შემოდგომისპირს ერთით ნაკლები ვიყავით, დღევანდელივით მახსოვს ყოველი დაცემა, მაშინ პირველად დავარღვიეთ ერთმანეთის საზღვარი, მაგრამ არავინ გაბრაზებულა და მყვირლა ხეებიც არც ისეთი ცივები აღმოჩნდნენ. ჯერ ტოტებით გადავეხვიე წიფელს, როგორც უკანასკნელ იმედს, მაგრამ ფეხებით შემდგა და სისხლი სულ თქრიალით წამომივიდა, ძალაგამოცლილი დავენარცხე წიფლის ფესვებზე. ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე რა მოხდა, მეგონა ჩვენი ექიმი მოვიდოდა, განმკურნავდა, მაგრამ მწარედ შევცდი, სხეული დამინაწევრეს და წამიღეს. მეგონა მთლიანად წამიღებდნენ, მაგრამ ნასუფრალივით დამტოვეს და წავიდნენ. წასვლისას შევამჩნიე ჩემი გვარისა და ერთიც გავიფიქრე - თავს მხოლოდ ჩემი გვარის თუ მომჭრიდა, მაგრამ მისი რა ბრალია, ასეთად ადამიანმა შექმნა, ის ადამიანის შემოქმედებითი ნაყოფი იყო, რომელსაც არანაირი ნება არ გააჩნდა. დასწყევლოს შენი გაჩენის დღე ადამიანო! შენ მხოლოდ ტკივილისთვის და ტანჯვისთვის ხარ გაჩენილი! მას შემდეგ ტაშნი მცრის როცა ადამიანს ვხედავ. მას შემდეგ ყოველი შემოდგომის პირს ერთით ნაკლები ვრჩებით, მეკი უკვე წლებია, ალბათ საუკუნეა რაც აღარაფრის მეშინია, ადამიანი აღარაფერს მერჩის, რადგან კუნძი ვარ, მისთვის გამოუსადეგარი. ზოგჯერ თუ ჩამოჯდება და ჩამოისვენებს, მთელი ცოდვით მაწევს ზურგზე და ვცდილობ ბევრჯერ ნაცადი, ირონიული ღიმილი ავიცილო, როცა ცდილობს ჩემი ასაკი გამოითვალოს, ან რა აზრი აქვს, ხვალ ისევ მოვა და დანის წვერით ისევ დამიწყებს სიცოცხლის ხაზების ჩიჩქვნას. ამ დროს მიწას მყარად ვებღაუჭები და ადგილიდან არ ვიძვრი, რომ შემეძლოს წავიდოდი და ჩემ ნაწილებს შევაგროვებდი და ერთ დღეს ისიც მოვიდოდა, ჩემ ნაკვალევში ისევ ამოიზრდებოდა ჩემი გენის. ასი წელიც კი არ შემისრულებია ისე გამოვესალმე სიცოცხლეს, მხოლოდ ერთი წრეღა მაკლდა. ახლა კი, ამდენივე წელია ველი ჩემ ნაკვალევში ამოზრდილ გენს. წელს სოკოები ამომეზარდა და საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემ გვარს გაგრძელება აღარ უწერია. საბოლოოდ დავკარგე იმედი ჩემი სხეულის პოვნის და ბედს დავმორჩილდი, დუმილი ვისწავლე და ხშირად ქარი რომ ამოვარდება ტოტების შრიალი ახალგაზრდობას მახსენებს, როგორ ვეჭიდებოდით ერთმანეთს მე და ჩემი მოხუცი. ახლა კი, ახლა არაფერი მაბადია, ვზივარ აქ და ვინმე თუ გამოივლის ჩემ ამბავს ვუყვები, მაგრამ მაინც, ყოველ წელიწადს ერთით ნაკლები ვართ და მეც ყოველ წელიწადს ახალ-ახალი სოკოები მეზრდება. აკი გითხარი რაღაცით მაინც ვგავართ ერთმანეთს-თქო. მე უარაფრო ვზივარ, ვებღაუჭები მიწას და ვცდილობ როგორმე დავივიწყო, რომ ადამიანი გქვია და ჩემი გვარის სისხლი გმართებს. შენ კი, ადამიანი, შენც უარაფრო ზიხარ, ამ წერილს კითხულობ და ვიცი, ვერც კი წარმოგიდგენია, რომ ერთ დროს მეც შენნაირი ვიყავი. ახლა კი კუნძი ვარ, ისევ ფერდობზე ვცხოვრობ, სადაც ტყე აღარ არის.