რა გამოცდილება მიიღო რუსთავის#18 სკოლის გამარჯვებულმა ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში?

რუსთავის #18 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ეკოside“ მხოლოდ  ერთი წელია, რაც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეა. პირველივე წელს სკოლამ კონკურსში გამარჯვებულებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

„ეკოside“- ში  8 მოსწავლე და 2 მასწავლებელია ჩართული. ბავშვები VIII, IX და X კლასელები არიან. მასწავლებლები ყვებიან, რომ კონკურსამდე ეკოკლუბელებისთვის მდგრადი განვითარების მიმართულებები უცხო იყო, თუმცა, ამ ერთი წლის განმვალობაში  მიღებული ინფორმაციით, თეორიული ცოდნითა და განხორციელებული აქტივობებით იმდენი შეძლეს, რომ გამარჯვებამდეც მივიდნენ. საკონკურსო წელს ბავშვები განსაკუთრებული მონდომებითა და პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ.

„საწყის ეტაპზე მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რომ ამდენ აქტივობასა და ქულას დავაგროვებდით. მოსწავლეების დამსახურებაა, რომ მასწავლებლებს არ დაგვჭირდა განსაკუთრებული მიდგომები. ყოველდღიურ რეჟიმში სასკოლო ცხოვრების ნაწილი გახდა ეს პროექტი. ასეთი მონდომება იშვიათად მინახავს სკოლის ასაკში.“ - ამბობს ბაკურ ხიჯაკაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ეკოკლუბის წევრი.  

სკოლის შენობა ბოლო ერთი წელია რემონტდება და ამის გამო, ეკოკლუბს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. მიუხედავად ამისა, 2021-2022 სასწავლო წლებში ეკოside- მა 300-მდე გარემოსდაცვითი და სოციალური აქტივობა განახორციელა. მათთვის ყველა აქტივობა მნიშვნელოვანი და საამაყოა, თუმცა, განსაკუთრებულად აღნიშნავენ „საქართველოს კარიტასთან“ თანამშრომლობას, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დახმარებას. ეკოკლუბმა საკუთარი ფონდიც შექმნა, რომელიც მასწავლებლების, მშობლებისა და ემიგრანტების დახმარებით თავიანთი სკოლის  სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ეხმარება. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ეკოკლუბელებმა შეძლეს და რუსთავში ნუშის ბაღებიც კი გააშენეს.

სკოლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრაა. ეკოკლუბელები თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „ გავიგუდეთ“ და აქტიურად არიან ჩართულები ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ აქტივიზმში.

„რუსთავის საწარმო ზონაში „გავიგუდესთან“ ერთად ვიყავით. დაგვათვალიერებინეს და აგვიხსნეს, როგორ შეგვეძლო ბრძოლა გამონაბოლქვის წინააღმდეგ.  შემდეგ შევუერთდით აქციას მერიის წინ, სადაც მთავარი მოთხოვნა საწარმოების მიერ ჰაერის ფილტრების დაყენება იყო. შედეგად, ორი მსხვილი საწარმო დასახელდა, რომელმაც უკვე დააყენა ფილტრი.“ - გვიყვება ეკოკლუბის მასწავლებელი, ქეთი ციცქიშვილი.

მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასა და შეძენილ უნარებზე გვიყვებიან:

„მეცხრე კლასში ვარ და ეკოლოგიური მიმართულებით აქამდე აქტიური არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, ამ პროექტმა სხვების დახმარება და  გარემოსთვის სასიკეთო საქმეების კეთება კიდევ უფრო მეტად მომანდომა. ასევე, პრეზენტაციების გაკეთება და ხალხისთვის წარდგენა გამიმარტივა. ეს პროექტი ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.“ - ამბობს შორენა ლობჟანიძე, ეკოკლუბელი.

„ კონკურსის ფარგლებში, ბევრ ტრენინგს დავესწარით და ისეთი უნარები შევიძინეთ, რაც ჩვენ მომავალ პროფესიაში ძალიან დაგვეხმარება. სწავლის გაგრძელებას სამართლის მიმართულებით ვაპირებ.  კეცხოველმა ბევრი რამ მასწავლა, არა მხოლოდ გარემოსდაცვით საკითხებზე, არამედ სამართლის  კუთხითაც და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. პრეზენტაციების მომზადების გარდა, პროექტმა კრიტიკული აზროვნების უნარიც ჩამომიყალიბა.“ - მარიამ დათიაშვილი, ეკოკლუბელი.  

 „მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონდა გამოცდილება,  კონკურსმა გვაჩვენა, რომ შესაძლებელია გამოცდილებსაც აჯობო. კეცხოველის პრემიამ ბევრი უნარი გამოგვიმუშავა, მათ შორის, ხალხთან კომუნიკაციის - უამრავი ადამიანი გავიცანით და ვითანამშრომლეთ ბევრ ორგანიზაციასთან.

ჩემი რჩევით ბევრი ეკოკლუბელი შემოუერთდა კონკურსს  და სხვებსაც ვურჩევდი, რომ აუცილებლად ჩაერთონ და სცადონ ბედი. რომც ვერ მოიგონ, მნიშვნელოვანია მონაწილეობის მიღება , რადგან მართლაც ბევრს ისწავლიან და სამომავლოდ მნიშვნელოვან  გამოცდილებას მიიღებენ.“ - სალომე ხურცილავა, ეკოკლუბელი.

სკოლამ, სხვა პრიზებთან ერთად, მთავარი ჯილდო - 4,000 ლარი მიიღო სკოლის გარემოს განვითარებისთვის. სკოლა 2022-2023 სასწავლო წელსაც აგრძელებს თავიანთ ქალაქში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური სასიკეთო ცვლილებების მოხდენას და იმედი აქვთ, რომ შემდეგ წელსაც ნიკო კეცხოველის პრემიის  გამარჯვებულთა შორის მოხვდებიან.