აფხაზეთის #10 სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გამარჯვებულია - რას გვიამბობენ ეკოკლუბელები საკუთარ წარმატებაზე

აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეა. მინიმალური რესურსით, დიდი შრომითა და მონდომებით სკოლის ეკოკლუბი 2021 წელს  საუკეთესო ათეულში მოხვდა, წელს კი მონაწილე სკოლებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა და კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. 

სკოლის ეკოკლუბი -„მწვანე რეინჯერები“ 9 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელს აერთიანებს. მოსწავლეები გვიყვებიან, რომ ყველაზე მეტ დროს ერთად, სკოლის აგროკლუბის ოთახში ატარებენ. ოთახი,  სადაც ხშირად სამომავლო გეგმებზე საუბრობენ და აქტივობებს ახორციელებენ, მათთვის განსაკუთრებულია. აგროკლუბი მათთვის უკვე არის ყველაზე ძვირფას მოგონებებთან და წარმატებასთან ასოცირებული ადგილი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სივრცე, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, მხოლოდ 14 კვადრატული მეტრისაა და მეტიც, ეს ოთახი მათი საკუთრება სულაც არ არის, სკოლას საკუთარი შენობა არ გააჩნია.

სკოლის 300-მდე მოსწავლე სხვის საკუთრებაში არსებულ, ყოფილი ბაღის შენობაშია შეფარებული. შენობა სარემონტოა. მინიმალური ჰიგიენის ნორმების დასაცავად, მასწავლებლები და მოსწავლეები კოსმეტიკური რემონტის რესურსს ერთობლივი ძალისხმევით აგროვებენ.  მიხეილ ცქვიტაია, სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ეკოკლუბის პედაგოგი, თავის მოსწავლეებთან ერთად, სკოლაში არსებულ პრობლემებსა და მიღწეულ წარმატებებზე გვიყვება:

 „სკოლაში არ გვაქვს სამასწავლებლო. მასწავლებლები ძირითადად გარეთ ვართ ხოლმე და  ერთ-ერთი ოთახი რომ დაცარიელდება, მერე შევდივართ. ბავშვებმა სიმბოლურად აიჩემეს აგროკლუბი, თორემ ეს არის ოთახი, რომელიც აგროკლუბიც არის, ეკოკლუბიც, კინოკლუბიც, სამოქალაქო კლუბიც, ლიტერატურული კლუბიც და ინტელექტუალური კლუბიც. იმის შიშით, რომ სკოლა არ დაგვიხურონ და ზოგადად, დავრჩეთ როგორც სკოლა, ყველაფერს ვაკეთებთ და ამ თვითგადარჩენის მომენტში დაგვიგროვდა ამდენი აქტივობი. გამარჯვებებს, რასაც ვაღწევთ, უფრო თვითგადარჩენის ინსტიქტით არის გამოწვეული.“ -  გვიყვება მიხეილ ცქვიტაია, სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

„სკოლაში არ გვაქვს გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკის და სხვა საგნების ოთახები. კარგი იქნება, რომ ჩვენი სკოლა იყოს აღჭურვილი, რადგან XXI საუკუნეში მგონია, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, ელემენტარული პირობები ჰქონდეს.“-  თამარ საჯაია, ეკოკლუბელი.

მიუხედავად მინიმალური რესურსისა, სკოლამ შეძლო უამრავი აქტივობის განხორცილება და რაც მთვარია, მუნიციპალიტეტის, სკოლისა და მოსწავლეების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. ეკოკლუბელები მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შემუშავების პროცესში ჩაერთვებიან.

ეკოკლუბელებისთვის ქველმოქმედება ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამეწარმეო კლუბში ეკო ჩანთებს აწარმოებენ და გამოფენა-გაყიდვიებით სხვებისთვის დახმარებებს გასცემენ. ასევე, სკოლამ დააწესა ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სხვა სკოლებს ეხმარებიან. ეკოკლუბელები ხშირად ატარებენ საქველმოქმედო ღონისძიებებს, შემოსულ თანხას კი ტყეების აღდგენისთვის და უკრაინის მხარდასაჭერად რიცხავენ.

ამბობენ, რომ ყველა აქტივობა მათთვის განსაკუთრებულია, თუმცა, აქვთ გამორჩეული საქმიანობებიც:

 „ჩვენ ვმუშაობთ უნარჩვევების განვითარებისთვის აგრომიმართულებით. სკოლაში გვაქვს საზოგადოებრივი ბოსტანი  და სათბური, სადაც გავახარეთ ბზა და დავურიგეთ მოსახლეობას. საზოგადოებრივი ბოსტნის მოვლაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია, ჩვენთან ერთად უვლიან და შემდეგ ნაყოფსაც ვინაწილებთ. გვაქვს ხეხილის ბაღიც. ზოგადად, აგრო ჩვევებისა და  უნარების განვითარებაზე ბევრს ვმუშაობთ და მხარში გვიდგას FAO საქართველოც. ასევე, ჩართულები ვართ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ინფორმაციის ცენტრის აგროსკოლაში.“-ელენე საჯაია, ეკოკლუბელი.

მიუხედავად განხორციელებული უამრავი მნიშვნელოვანი აქტივობისა, ამბობენ, რომ გამარჯვების იმედი არ ჰქონდათ.

„სულ მღრღნიდა ეჭვი, რომ ეს კონკურსია და კონკურსი არასდროს არის სამართლიანი,  ბოლოს სულ იჩაგრები. ისიც კი გავიფიქრე, რომ მომავალ წელს არ მივიღებდი მონაწილეობას. ყველაზე მეტად ამ კონკურსმა რწმენა მომცა და თვითდაჯერება, რომ თუ ბევრს იშრომებ, შედეგს აუცილებლად მიაღწევ.“- აღნიშნავს მიხეილი.

„თუ გაქვს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, გინდა იყო კარგი მოქალაქე, შენი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში და ერთი აგური დადო, აუცილებლად გააკეთებ ამისთვის ყველაფერს. კეცხოველმა მასწავლა, რომ არ ვარ ერთი უბრალო ბავშვი ჩხოროწყუდან, რომელიც სულ ჩხოროწყუში უნდა იყოს და მას არ ეხება არც საქართველოს, და არც მსოფლიოს ამბავი. მე მეხება ყველაფერი და ყველაფერში უნდა მივიღო მონაწილეობა.“ - ამბობს ელენე.

შეძენილი უამრავი პროფესიული თუ პიროვნული უნარჩვევების გარდა, ეკოკლუბმა კონკურსში გამარჯვებით სკოლის განვითარებისთვის ფულადი ჯილდოც მიიღო. უკვე იციან როგორ გამოიყენებენ მიღებულ 5,000 ლარს.

 „გვაქვს მწვანე რადიო, სადაც ვსაუბრობთ ჩვენს ეკოპროექტებზე. დაახლოებით, 20 სიუჟეტი გვაქვს გამოქვეყნებული რადიოს ფეისბუქ გვერდზე. არ გვაქვს არანაირი ტექნიკა, ტელეფონით ვიწერთ და კერძო კომპიუტერებით ვამუშავებთ. გვინდა, რომ გვქონდეს კომპიუტერი სკოლაში და ხმის ჩამწერი, რომელსაც გამოვიყენებთ მწვანე რადიოს უფრო ეფექტურად მუშაობისთვის. - ელენე.

მოსწავლეები გამარჯვებას მათი მასწავლებლის, მასწავლებელი კი მოსწავლეების დამსახურებად მიიჩნევს.

„ყოველთვის, როცა იმედგაცრუება გვქონდა, მელორი მასწავლებელი  გვახსენებდა, რომ რაც არ უნდა იყოს, მოტივაცია არ უნდა დავკარგოთ. ის ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყოთ.“ - თამარი.

„მელორი მასწავლებელი ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარია. მის გარეშე ვერ განვვითარდებოდით.“ - ამბობს მარიამ უბირია, ეკოკლუბელი.

„ ამ ბავშვებზე რასაც ვფიქრობ, ერთ სიტყვაში ვერ მოვაქცევ. წარმატება, რაც მათ აქვთ,  არის აბსოლუტურად მათი დამსახურება, ჩემი მხრიდან მცირეოდენი ფასილიტატორობით. აქ მხოლოდ მცირედი ნაწილი აღინიშნა იმისა, რაც გაკეთდა. ეს ბავშვები ძალიან მეიმედება. ჩვენ ვართ მცირე კონტიგენტიანი სკოლა, რომელსაც არაფერი აქვს გარდა ყველაზე დიდი სიმდიდრისა - ჩვენი ბავშვებისა. ამ ბავშვებით მოგვაქვს თავი და მათზე დაყრდნობით ვვარსებობთ. მადლობა მათ იმისთვის, რა წარმატებაც მოუტანეს თავიანთ სკოლას. მადლობა, ბავშვებო.“ - მიხეილი.

გამარჯვებული ეკოკლუბის რამდენიმე წევრი წელს ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ყველას თავისი სამომავლო გეგმები აქვს. მიმართულებები, რომლებსაც გაყვებიან, შეიძლება გარემოსდაცვითი საქმიანობებისგან განსხვავებული იყოს, თუმცა ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების მიზნებისთვის ბრძოლას თავიანთი პროფესიებიდან გააგრძელებენ. სკოლის ეკოკლუბი კი ოდნავ შეცვლილი შემადგენლობით წელსაც გააგრძელებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2023 წლის კონკურსში მონაწილეობასა და ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.