ნიკო კეცხოველის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები და მათი რჩევები

გვიმრიანის სკოლის ეკოკლუბელები კეცხოველის პრემიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები იყვნენ! გასულ წელს, მათ უამრავი დასუფთავებისა და გამწვანების აქცია განახორციელეს და უდიდესი წვლილი შეიტანეს  ელექტროენერგიის რაციონალურად მოხმარების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში.

კახეთის ამ პატარა სოფელში სულ 256 ადამიანი ცხოვრობს და ადგილობრივი საბაზო სკოლაც მხოლოდ ცხრა კლასამდე განათლებას იძლევა. სრული საშუალო განათლების მისაღებად, გვიმრიანელ ახალგაზრდებს მათ სოფელთან ახლოს მდებარე დიდი სოფლების სკოლებში, ან სულაც ქალაქ ლაგოდეხში უწევთ სიარული.

მიუხედავად იმისა, რომ გვიმრიანის სკოლის ეკოკლუბელები ყველაზე გვიან, კონკურსის დასრულებამდე 3 თვით ადრე (მარტში) ჩაერთნენ,  ამ სამ თვეში მაინც შეძლეს რიგი სოციალური და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება, რამაც მათი გამარჯვება განაპირობა.

ეკოკლუბში მხოლოდ გოგონები იყვნენ გაერთიანებული. როდესაც ვკითხეთ, რა იყო მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საამაყო აქტივობა, გაიხსენეს როგორ დაეხმარნენ სოფელში გაჭირვებულ ოჯახს პანდემიის დროს, შეუძინეს საკვები პროდუქტები და ფულადი დახმარებაც გაუწიეს.

გოგონებმა ლაგოდეხის მერს სკოლისთვის სტადიონის აშენების თხოვნით მიმართეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან  ისინი თავად ფეხბურთით არიან გატაცებული და შეჯიბრებშიც იღებენ მონაწილეობას.  გვიმრიანში კი არ არსებობს სივრცე, სადაც ახალგაზრდები სპორტით დაკავდებიან. გოგონები მერისგან პასუხს მარტში ელოდებიან.

„ყველას ვურჩევდი, რომ ამ კონკურსში ჩაერთონ და მიიღონ გამოცდილება. დიდი სიამოვნებაა რასაც კონკურსის ფარგლებში აკეთებ, სწავლობ, ერთვები ქველმოქმედებაში, ეხმარები სხვებს, ალაგებ და ასუფთავებ საკუთარ სოფელს“ - ამბობენ ეკოკლუბის გოგოები

გვიმრაინის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2021-ის გამარჯვებული გახდა. პრიზად  მათ გადაეცათ გრანტი, 8,000 ლარის ოდენობით. მიღებული გრანტით მათ შეიძინეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ნივთები, - კომპიუტერები, დაფები, პროექტორი და სხვა.

„პატარა სკოლა ვართ და თავიდან ვყოყმანობდით, ვფიქრობდით, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით წარმატების მიღწევას ამ კონკურსში, მაგრამ შევძელით და ჩვენი შრომა დაფასდა. გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა და უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, არ დავნებდებით!“

როდესაც ეკოკლუბელებს ვკითხეთ, რას ურჩევდნენ სხვა ბავშვებს, ვინც ჩართულია ან აპირებს კონკურსში ჩართვას, ასე გვიპასუხეს:

„ყველაფერი შესაძლებელია, პატარა სკოლასაც შეუძლია გაიმარჯვოს“ - ამბობს ეკოკლუბის წევრი ლიზი.

„ყველას ვურჩევ რომ შემართებით მოეკიდონ საქმეს და იმედი არ დაკარგონ“ .

„მთავარია მონდომება. ბევრი გვეუბნებოდა, რომ ესეთი პატარა სკოლა ვერ გაიმარჯვებდა. ახლა უკვე დამოკიდებულება შეიცვალეს. ბოლო წამამდე ვაკეთებდით ყველაფერს იმისთვის, რომ წარმატებას მიგვეღწია“ - სალომე.

ეკოკლუბელების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი მათი მასწავლებლის, თამარ თასოევის  უდიდესმა მხარდაჭერამაც ითამაშა.

„მართლაც საუკეთესო პროექტია და შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს ბევრი რამ ისწავლონ. ეს არ არის მხოლოდ  მდგრადი განვითარების 17 მიზანი. ბავშვები იძენენ ბევრ უნარს, როგორიცაა: ინფორმაციის მოძება, გუნდურობა, სამუშაოების გადანაწილება და ა.შ.. მეც ვირწმუნე ჩემი შესაძლებლობები" - თამარ მასწავლებელი.

ნიკო კეცხოველის სასკკოლო პრემია 2014 წელს დაარსდა, CENN-ის პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა / Austrian Development Cooperation.